პროგრამა

ფესტივალი 2017

„საქართველოს სინფონიეტა”

საქართველო

თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა” 2008 წელს დაარსდა. მისი მრავალფეროვანი რეპერტუარი მოიცავს სხვადასხვა ეპოქის ნაწარმოებებს. ორკესტრის კონცერტები იმართება როგორც საქართველოში, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციისთვის ორკესტრი ხშირად მართავს კონცერტებს საქართველოს რეგიონებში, რამაც მცირე დროის მიუხედავად, უკვე გამოიღო შედეგები. გარდა თბილისის საკონცერტო სივრცეებისა, „საქართველოს სინფონიეტა“ გამოდის ისეთ შესანიშნავ დარბაზებში, როგორიცაა ბერლინის კონცერტჰაუსი, ამსტერდამის კონცერტგებაუ, მიუნხენის კონსერვატორიის დიდი საკონცერტო დარბაზი და სხვა. ორკესტრი რეგულარულად მონაწილეობს ფესტივალებში: თბილისის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალი, თბილისის კამერული მუსიკის ფესტივალი, თელავის საერთაშორისო მუსიკის ფესტივალი, გუთ იმლინგის საოპერო მუსიკის ფესტივალი (გერმანია) და სხვა. წელს უკვე მეორედ გამოვიდა გდანსკის „გოლდბერგის ფესტივალზე“ (პოლონეთი), სადაც ბაროკოს ეპოქის ახლადაღმოჩენილი ნაწარმოებების მსოფლიო პრემიერები წარმოადგინეს. 2012 წელს ორკესტრმა ბაროკოს ეპოქის მუსიკალური ინსტრუმენტები შეიძინა და კავკასიაში პირველი ბაროკო-ორკესტრი გახდა. „საქართველოს სინფონიეტა“ სისტემატურად თანამშრომლობს მსოფლიოს საუკეთესო მუსიკოსებთან: კორნელია ფონ კერსენბროკი, კრისტინა ბუში, კრისტოფ მაიერი, იორდი სავალი, სერჯო აზოლინი და სხვა მრავალი.

პროგრამა:

1. ბენჯამინ ბრიტენი. „უბრალო სიმფონია“ op. 4.

2. იოჰან სებასტიან ბახი. არია სუიტდან #3 BWV 1068

3. ალექსი მაჭავარიანი. „დოლური“

4. სულხან ცინცაძე. მინიატურები

------------------------------------------------------------------------------------------------------

კვინტეტი CON MORBIDEZZA

უკრაინა

ვასილ ვაცება - პირველი ვიოლინო

მიკოლა კივილოვი - მეორე ვიოლინო

მაქს ოშჩეპკოვი - ვიოლა

ვასილ იურჩაკი - ჩელო

პავლო ხადკევიჩი - აკორდეონი

Con Mobidezza ახლადდაარსებული უკრაინული ახალგაზრდული კვინტეტია. მისი წევრები, ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან, უკრაინის მუსიკის ეროვნულ აკადემიაში (NMAU) მუსიკის დიდმა სიყვარულმა გააერთიანა. აკადემიაში სწავლის დაწყებამდე ვასილ ვაცებამ (პირველი ვიოლინო) დენის სიჩინსკის სახელობის მუსიკალური კოლეჯი დაამთავრა, მიკოლა კივილოვმა (მეორე ვიოლინო) და მაქს ოშჩეპკოვმა (ვიოლა) - მიკოლა ლისენკოს სახელობის სპეციალური სახელოვნებო სკოლა. ოშჩეპკოვი მოლდოვასა და უკრაინაში გამართული საერთაშორისო კონკურსების ლაურეატია. ამავე ქვეყნებში, ასევე პოლონეთში, სლოვენიაში, ლატვიაში, სხვადასხვა კონკურსის ლაურეატის წოდებას ფლობს კვინტეტის ვიოლონჩელისტი ვასილ იურჩაკი. აკორდეონისტი პავლო ხადკევიჩი NMAU-ს კურსდამთავრებულია და ამჟამად ლიტვაში, VDU მუსიკის აკადემიაში სწავლობს. მუსიკოსი იტალიის, ლატვიის, პოლონეთის საერთაშორისო კონკურსების ლაურეატია. კვინტეტის ფართო რეპერტუარი ჟანრული მრავალფეროვნებითაა გამორჩეული (კლასიკური მუსიკა, ჯაზი, ფოლკლორი და ა.შ.).

პროგრამა:

1. ალექსანდრ ბოროდინი. სიმებიანი კვარტეტი # 2, მეორე ნაწილი

2. ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი. ღამის პატარა სერენადა, პირველი ნაწილი (Allegro)

3. სულხან ცინცაძე. მინიატურები „ინდი-მინდი“, „სიმღერა“

4. იოჰან სებასტიან ბახი. პრელუდია და ფუგა ლა მინორი

5. აშილ-კლოდ დებიუსი. „მთვარის შუქი“ „ბერგამასული სუიტიდან“

------------------------------------------------------------------------------------------------------

„ლეოპოლდ ბრასი“

გერმანია

ანგელიკა ტომბსი - ვალტორნა

პაატა ბერიძე - საყვირი

სერხიო არუე დომინგო - საყვირი

ანტონიო მარტინესი - ტრომბონი

მაქსიმილიან გრიმი - ტუბა

ლითონის ჩასაბერ საკრავთა ანსამბლი „ლეოპოლდ ბრასი“ დაარსდა 2016 წელს, ქალაქ აუგსბურგში, პაატა ბერიძის მიერ. სახელი „ლეოპოლდ ბრასი“ მემკვიდრეობით ერგო ლეოპოლდ მოცარტის სახელობის უმაღლესი მუსიკალური სასწავლებლის კურსდამთავრებულთაგან: ამ სახელით არაერთ წარმატებულ მუსიკოსს ადრეც მიუღია მონაწილეობა სხვადასხვა ფესტივალში. „ლეოპოლდ ბრასი“ აქცენტს ბაროკოს ეპოქის მუსიკაზე აკეთებს და, ტრადიციულად, ყველა კონცერტზე ამ პერიოდის მინიმუმ ერთ ნაწარმოებს ასრულებს. ანსამბლის წევრები რეგულარულად უკრავენ ბაროკოს ეპოქის ძველ ინსტრუმენტებზე. ამჟამად, „ლეოპოლდ ბრასი“ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ მუსიკოსებს აერთიანებს, რაც ანსამბლის მუსიკალურ მხარეს კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის. ანსამბლი აქტიურად გამოდის გერმანიის სხვადასხვა ქალაქსა და ცნობილ ისტორიულ დარბაზებში. ქართველი მსმენელისთვის „ლეოპოლდ ბრასმა“ სპეციალურად მოამზადა ახალი პროგრამა.

პროგრამა:

1. კლაუდიო მონტევერდი. ტოკატა ოპერიდან „ორფევსი“

2. იოჰან სებასტიან ბახი. „იესო რჩება ჩემს სიხარულად“, კანტატიდან „გული და პირი და საქმე და ცხოვრება“. BWV 147

3. იოჰან სებასტიან ბახი. კონტრაპუნქტი „ფუგის ხელოვნებიდან“. BWV 1080

4. დმიტრი შოსტაკოვიჩი. ჯაზ-სუიტა

5. ბილი სტრეიჰორნი. TAKE THE “A” TRAIN „ჩაჯექი A მატარებელში“

6. მანუელ პანელა. „მთის კატა“

------------------------------------------------------------------------------------------------------

დუეტი „მოც-არტ“

ავსტრია

ია დავითაშვილი - ვიოლინო

ანტიგონი ბაქსე- გიტარა

დუეტი „მოც-არტ“ შეიქმნა 2016 წლის შემოდგომაზე, ზალცბურგის მოცარტეუმის უნივერსიტეტის სტუდენტებმა, ია დავითაშვილმა (საქართველო) და ანტიგონი ბაქსემ (საბერძნეთი) შექმნეს. მათი პირველი კონცერტი შედგა ვენის მოცარტის სახელობის დარბაზში. მას შემდეგ, დუეტი ხშირად გამოდის ზალცბურგის სხვადასხვა ცნობილ დარბაზში. მუსიკოსებმა მასტერკლასები მსოფლიოში ცნობილ შემსრულებლებთან - ამერიკელ ვირტუოზ გიტარისტ ელიოტ ფისკთან და არგენტინელ მარია-იზაბელა ზივერსთან გაიარეს. 2017 წლის დეკემბერში დუეტი მიწვეულია ზალცბურგის ისტორიულ დარბაზში Marmorsaal სოლო კონცერტის ჩასატარებლად. 2018 წელს კი, დაგეგმილი აქვთ დისკის ჩაწერა, რომელშიც სხვადასხვა ცნობილ ნაწარმოებთან ერთად პირველად ჩაიწერება დუეტ „მოც-არტის“ მიერ ვიოლინოსა და გიტარისათვის გადამუშავებული ქართული ნაწარმოებები.

პროგრამა: 

1. ანტონიო ვივალდი. სონატა ვიოლინოსა და გიტარისათვის რე მაჟორი. op.2 N11 RV9 1. პრელუდი 2. ფანტაზია 3. გავოტი

2. ნიკოლო პაგანინი. სონატა N1 ლა მინორი, op.64 კრებულიდან CENTONE DI SONATE 1. INTRODUZIONE 2. ALLEGRO MAESTOSO 3. RONDONCINO

3. ასტორ პიაცოლა. „ტანგოს ისტორია“. პირველი ნაწილი: „ბორდელი 1900“ (მარია იზაბელა ზივერსის ტრანსკრიპცია)

4. სულხან ცინცაძე. მინიატურა „ციცინათელა“

Scroll to Top